პირველად საქართველოში, ქვევრის ღვინის ფესტივალი გაიმართება

“1 სექტემბერს, თბილისში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე 15:00-დან -22:00 -მდე, – პირველად საქართველოში გაიმართება ქვევრის ღვინის ფესტივალი სახელწოდებით – Travel in Georgia with Wine.
ფესტივალის მიზანია ტურიზმის მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისა და იმიჯის საერთაშორისო დონეზე გამყარება, ქვევრის ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის ზრდა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 50 საოჯახო მარანი.
ფესტივალი ტარდება მცირე საოჯახო მარნების ინიციატივითა და თბილისის მერიის, ღვინის ეროვნლი სააგენტოსა და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით.
ფესტივალს დაამშვენებს ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლებისა, ფოლკლორული გუნდებისა და ეთნო ჯაზ-ბენდის მიერ შესრულებული სიმღერები.
ფესტივალზე იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოების უფასო დეგუსტაცია, ასევე თითოეული მარანი ფესტივალზე წარმოადგენს მინიმუმ 30 ბოთლ სარეალიზაციო ღვინოს, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე გაიყიდება სიმბოლურ ფასად – 10 ლარად”,- ნათქვამია გავრცელებულინფორმაციაში.

Comments are closed.